სიღნაღიდან 2 კილომეტრში, კავკასიონის ქედის ძირში, მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ცნობილი ბოდბის მონასტერი — საქართველოს საერთო ეროვნული სიწმინდე.
სივრცე არსად იშლება ისე თავისუფლად, როგორც ამ ბორცვების კიდიდან. ნაზი, სუფთა ცისფერი მზის ჩასვლის ოქროსფერ შუქში ბრწყინავს. სინათლით სავსე მინდვრები და ვენახები ჰორიზონტამდე გადაჭიმულა, თავად ჰორიზონტი კი უსასრულობაში იკარგება. შორით ლურჯი მთისწინეთი და გამჭვირვალე მთის სივრცეები ჩანს. სიღნაღი ალაზნის ველზე მაღლა დგას და თითქოს ეს პატარა კახური ქალაქი სწორედ ვენახების ველის ულამაზესი ხედების სანახავად ააშენეს. მოწმენდილ ამინდში აქედან კავკასიონის თოვლით დაფარული დიდებული მწვერვალებიც ჩანს.
მაღალი, მიუწვდომელი თოვლიანი მწვერვალები ცის ღრმა სილურჯეში იძირება. ღრუბლების მარგალიტისფერი ბრწყინვალება თოვლის სითეთრეს ეჯიბრება. მზერა უსასრულო სივრცეების მიღმა, გამჭვირვალე შორეთისკენ გარბის. მთის წყაროსავით სუფთა ჰაერს თითქოს ბროლის სიცხადე აქვს. აქ ყველაფერს საიდუმლო მნიშვნელობა ენიჭება. დრო თითქოს ჩერდება. მთები მარადისობაა.
ნოტიო საძოვრები და ზურმუხტისფრად მოელვარე აყვავებული მდელოები იშლება. წყაროების ყინულივით ცივი წყალი ქვებს ეხეთქება და ალმასის წვეთებად იფრქვევა. უბრალო სახლები, რომლებსაც წარსულის ხიბლი შეუნარჩუნებიათ, ამ პეიზაჟის ნაწილად ჩანს.