საქორწილო დრესკოდი

პატარძლის ერთ-ერთი უსიამოვნო სიურპრიზია, როცა სტუმარი ქორწილში თეთრი სამოსით მოდის. სადღესასწაულო დრესკოდის წესები ყველამ არ იცის და ყოველთვის ადვილი არ არის იმის შეფასება, რამდენად შეეფერება ჩაცმულობა ღონისძიებას. როგორ აირიდოთ ნერვიულობა ფოტოებზე და როგორ დაეხმაროთ სტუმრებს თავი კომფორტულად იგრძნონ?

მაშინაც კი, თუ ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავთ, სასურველია ჩაცმულობის საერთო სტილი წინასწარ განსაზღვროთ. შეგახსენებთ დრესკოდის რამდენიმე ტიპს ღონისძიების ფორმატის მიხედვით.  

Black Tie. ყველაზე ოფიციალური დრესკოდია და საზეიმო, დიდ რესტორნის ქორწილს უხდება. მამაკაცებისთვის — სმოკინგი ან კლასიკური კოსტიუმი, ქალებისთვის — გრძელი კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი. 

Cocktail.  შედარებით თავისუფალი ფორმატია და ბუნებაში გამართულ ქორწილს უხდება. მამაკაცებს ნაკლებად ოფიციალური კოსტიუმის ჩაცმა შეუძლიათ; ქალებისთვის მისაღებია გრძელი ან მიდი კაბა, ღია ფერები და ყვავილების პრინტი.

Casual.  ყოველდღიური, თავისუფალი სტილია და ახლობლების წრეში მყუდრო დღესასწაულს უხდება. ეს მაინც არ ნიშნავს ჯინსსა და მაისურს: მამაკაცებისთვის შესაფერისია ღია ან მუქი შარვალი პერანგთან ერთად, ქალებისთვის — ნებისმიერი სიგრძის კაბა ან შარვლის კოსტიუმი. ქუსლები აუცილებელი არ არის.

Farm Chic.  უხდება ფერმაში ან ქალაქგარეთ, რუსტიკულ ან ბოჰო სტილში გამართულ ქორწილს. მამაკაცებისთვის — მოკლესახელოებიანი პერანგი, ღია ფერის ვიწრო შარვალი და ბაფთა. ქალებისთვის — საზაფხულო კაბა ან ყვავილებიანი სამოსი, ფეხზე კი სანდლები, კედები ან უხეში ჩექმები.

 

ფერზეც დავფიქრდეთ. თუ სტუმრებს ქორწილის ფერთა გამას აცნობებთ, ეს მკაცრი მოთხოვნა კი არა, სასურველი მიმართულება უნდა იყოს რამდენიმე შესაძლო ტონით. ერთი კონკრეტული ფერი ყველას არ უხდება. 

პრაქტიკული რჩევა.  მოსაწვევში ქორწილის ფერთა პალიტრა ჩადეთ. სტუმრებს არჩევანი გაუადვილდებათ და განსხვავებული ფერის სამოსის შერჩევის ალბათობაც შემცირდება: „ზღვის ტალღის ფერი“ ერთისთვის მწვანეა, მეორისთვის კი — ლურჯი.