ნანატრი თარიღის მოახლოებასთან ერთად წყვილის, განსაკუთრებით კი პატარძლის, ღელვა მატულობს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ახალდაქორწინებულებზე მეტადაც ნერვიულობენ — მათი მშობლები.
ყველაზე ახლობელი ადამიანები სიყვარულით ადევნებენ თვალს შვილების ყოველ ნაბიჯს. ქალიშვილის ან ვაჟის ქორწილი მშობლებისთვის დიდი და ამაღელვებელი ეტაპია. ამიტომ ისინი დახმარებასა და მხარდაჭერას ცდილობენ, როცა შვილები ახალ ოჯახურ ცხოვრებას იწყებენ.
როგორ გადავუხადოთ მშობლებს მადლობა და ეს დღე მათთვისაც განსაკუთრებული გავხადოთ?
ჩართეთ ისინი მზადებაში
რა თქმა უნდა, ჩვენი გემოვნება ყოველთვის არ ემთხვევა მშობლების სურვილებს, ამიტომ ორგანიზატორებთან შეხვედრაზე წყვილის მისვლა სჯობს.
მაგრამ არის განსაკუთრებული მომენტები, რომელთა გაზიარებაც ახლობლებთან უფრო სასიამოვნოა.
დედა საქორწილო კაბის მოსინჯვაზე მიიწვიეთ, დღე ერთად გაატარეთ და სთხოვეთ, თავისი ქორწილის რამე განსაკუთრებული მოგიყვეთ. იქნებ დღემდე ინახავს ფატას, ხელთათმანებს ან საყურეებს, რომლებიც საკუთარ განსაკუთრებულ დღეს ეკეთა.
ნეფესაც შეუძლია მამასთან ერთად კოსტიუმის მოსინჯვაზე წავიდეს და მასთან ერთად დრო გაატაროს. მამას გაუხარდება, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტს უზიარებთ.
ერთობლივი ცეკვა ისწავლეთ
ქორწილის კლასიკურ სცენარში პატარძლისა და მამის ცეკვა ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. რატომ არ ჩართოთ მასში პატარძლის დედა და ნეფის მშობლებიც? მშობლებს წყვილში ცეკვა ასწავლეთ ან თავისუფალი პროგრამა შესთავაზეთ და ქორწილის დღეს სასიამოვნო სიურპრიზს დაელოდეთ.
პატარძლის დილა დედასთან ერთად გაატარეთ
პატარძლის დილა ქალის სილამაზეს ეძღვნება. თუ ამ დილას მხოლოდ მეგობრებთან კი არა, დედასთანაც გაატარებთ, თბილ ემოციებსა და ლამაზ ფოტოებს მიიღებთ, მას კი საკუთარ პატარძლის დილას გაახსენებთ. თუ სურვილი ექნება, დედას პროფესიონალთან მაკიაჟი და ვარცხნილობაც აჩუქეთ.
განსაკუთრებული მოსაწვევები
მშობლები, რა თქმა უნდა, პირველები იგებენ თქვენი ქორწილის შესახებ. მაგრამ თუ სიახლე ტელეფონით შეატყობინეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ცალკე მოსაწვევი არ უნდა მოუმზადოთ. მისი ტექსტი სხვა მოსაწვევებისგან განსხვავებული იყოს. გაფორმებას სითბო დაუმატეთ და ჩაწერეთ თქვენი ოჯახისთვის გასაგები ფრაზები ან დეტალები, რათა მოსაწვევი საოჯახო ალბომში შესანახ ნივთად იქცეს.
ყურადღება დეტალებს
მშობლებს ქორწილში თავი კომფორტულად რომ იგრძნონ, სადილზე მათი დასხდომა წინასწარ დაგეგმეთ. თუ ნეფისა და პატარძლის მშობლები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, შეგიძლიათ ისინი ახალდაქორწინებულების მაგიდასთან ახლოს, ერთ მაგიდასთან დასვათ. თუ ტრადიცია ან უფროს თაობაში არსებული უთანხმოება მოითხოვს, ნათესავები ნეფისა და პატარძლის მხარეებად გაყავით.
ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი უახლოესი ადამიანების მაგიდები შეგიძლიათ განსაკუთრებული გაფორმებით, საჩუქრებით და წამყვანისა თუ თამადის ყურადღებით გამოყოთ.
გიყვარდეთ და გაუფრთხილდით მშობლებს — მათთვის უპირველესად იმის ცოდნაა მნიშვნელოვანი, რომ ბედნიერები ხართ!