ყვარლის ტბა

ყვარლის ტბა, ალბათ, კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი ტბაა. მას ყველა მხრიდან მაღალი მთები აკრავს, რომლებიც მის სილამაზესა და სისუფთავეს ქარისა და უცხო მზერისგან თითქოს ფარავს. აქ სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს.

ცოტამ თუ იცის, რომ ტბას სიყვარულის ლეგენდა უკავშირდება. ორი მდინარე, ბურსა და ჩუღურგულა, გზას ყვარლის ტბაში ასრულებს. ამბობენ, რომ ოდესღაც ეს სახელები ორ დას ერქვა. ისინი ერთმანეთთან დიდი სიყვარულით ცხოვრობდნენ. წლები გავიდა და დები მშვენიერ ქალებად იქცნენ, თუმცა სიკეთე და სითბო არ დაუკარგავთ. ერთ დღეს ორივეს ერთი და იგივე ახალგაზრდა შეუყვარდა და მათი მეგობრობაც დასრულდა. თავად ბიჭიც ვერ ხვდებოდა, რომელი და იყო მისთვის უფრო ახლობელი. გოგონებს შორის შუღლი დაიწყო, მათ სახლში კი დღედაღამ კამათი ისმოდა. ჩანდა, თითქოს სიკეთემ და სიყვარულმა მათი გულები დატოვა.
 

ამ ყველაფრის ყურებით დაღლილმა დედამ სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა და ჯადოქარს დახმარება სთხოვა. ჯადოქარი დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა, თუმცა მისი დახმარება ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც დედა ელოდა. 
 

როცა გოგონებს ჩაეძინათ, ჯადოქარმა ჯადოსნური სანთელი აანთო და შელოცვა წარმოთქვა. დილით მშობლებმა ქალიშვილები ვეღარ იპოვეს. სოფლის მახლობლად კი სასწაულებრივად ორი მდინარე და ტბა გაჩნდა. ჯადოქარმა ახალგაზრდა ბიჭი ტბად აქცია.
 

ორი და, ახლა უკვე მდინარეები, კვლავ საყვარელი ადამიანისაკენ მიიჩქარიან და ერთმანეთს ასწრებენ. თუ კარგად მოუსმენთ, თითქოს მათი კამათიც ისმის. ტბა კი ჩუმად აკვირდება, რომელი მდინარე მოუტანს მეტ წყალს...

//

ტბის ნაპირზე, მრავალწლიანი ხეებით სავსე ტყესა და ალაზნის ველის ხედებს შორის, Kvareli Lake Resort მდებარეობს. აქ არის ტერასიანი ნომრები, სპა სივრცე, ცხენითა და ველოსიპედით გასეირნება, ნავით სეირნობა, თევზაობა და აუზი — ყველაფერი, რაც ამ ადგილის სილამაზით დატკბობაში დაგეხმარებათ. ტბა თბილისიდან 155 კილომეტრშია.